ილია დარჩიაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალში, რომელიც ქალაქ ბრიუსელში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტერიალზე დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში წევრ ქვეყნებთან არსებულ თანამშრომლობასა და მისი სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს.
მინისტერიალის მონაწილე წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ საქართველოს დახმარება აღნიშნულ გზაზე რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და დადებითად შეაფასეს ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევა.
ქართული მხრიდან, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების პროცესში, მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და მზადყოფნის გათვალისწინებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფორმატის ფარგლებში შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაზე და საქართველოს საფლაგმანო პროექტების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის მოსახლეობას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის. საგანგებოდ აღინიშნა ევროკავშირთან დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოებისა და სატრანსპორტო, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტულობა. ამ კონტექსტში, აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების სამომავლო გეგმებზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. მათ შორის, მინისტრმა ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე.
მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგა მინისტრებთან.