მაკა ბოჭორიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

სწრაფი ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების პერსპექტივები, ეკონომიკური თანამშრომლობა საინვესტიციო გეგმების ეფექტური განხორციელებით, – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის რანგში მიმართა სიტყვით.

ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე, მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და ამ კუთხით, ყოვლისმომცველი, განახლებული სტრატეგიული ხედვის შემუშავების ასევე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ, რომელიც საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შედეგად შემუშავდა, ვერ აღკვეთა შემდგომი აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევები ჩვენს რეგიონში. ამის გათვალისწინებით, მსურს ხაზი გავუსვა უსაფრთხოების დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთო და კომპლექსური უსაფრთხოების გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა და იმ გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის გაფართოების პროცესი მოუტანს. „საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ ევროპული საბჭოს ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირის გაფართოების პროცესი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები სწრაფი ინტეგრაციისკენ, გავაძლიეროთ პოლიტიკური დიალოგი და ეკონომიკური თანამშრომლობა, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების წარმატებით განხორციელების გზით და შევიმუშაოთ უფრო მეტი პროექტი დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც სასარგებლო იქნება ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
12 დეკემბერს, ბრიუსელში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის განახლების გზების მოძიებას. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები