ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ინფორმაციით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად ხდება. ცვლილებები უკავშირდება მაკროეკონომიკური პარამეტრების და შემოსავლების დაზუსტებას და იმ ხარჯების დაფინანსებას, რაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მიზანშეწონილია ეს ხარჯი დამატებითი რესურსის ფარგლებში გაიწიოს.
მომხსენებლის ინფორმაციით: იცვლება ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ის ოდენობით, ნაცვლად 8,5%-ისა, დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი და იგი 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-ზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მცირედით გაიზარდა და შეადგინა 72,3 მლრდ ლარი. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526 მლნ ლარით და მთლიანობაში 17 მილიარდ 350 მილიონ ლარით განისაზღვრება.
გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, რესურსი არის, რომ სხვა შემოსავლებიც გაიზარდოს, ეს კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შემოსავლები არსებულ გეგმასთან შედარებით 597 მლნ ლარით გაიზარდოს. ამავდროულად საჭირო გახდა გარკვეული მიმართულებით ხარჯების ზრდისა, ეს არის 507 მლნ ლარი და სულ რამდენიმე უწყებაა, სადაც ხდება ამ თანხების გადანაწილება. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია დამატებითი შემოსავლების განაწილების თაობაზე და აღნიშნა, რომ იმ უწყებებს შორის, რომლებსაც დამატებითი ასიგნებები განესაზღვრა, არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ სამინისტროს ასიგნებები შესაბამისად იზრდება 95 მლნ ლარით, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებით 220 მლნ ლარზე მეტს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, სამობილიზაციო სამუშაოების დროულად დასაწყებად მიზანშეწონილია კონტრაქტორებზე ავანსის ნაწილი გაიცეს მიმდინარე წელს, რისთვისაც ხდება დამატებითი თანხები გამოყოფა. რაც შეეხება 40 მლნ ლარს, იგი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში. მისი თქმით, კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც ასახულია, რაც ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით მოსახლეობის დაცვას შეუწყობს ხელს. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა.
კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.