პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში” და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს” მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები