საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული ინდ. მეწარმის მეშვეობით, დაამზადეს და გაასაღეს 9 500 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და აიღეს 1 500 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.