“ჩვენ ძალიან ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და ტერიტორიულ მთლიანობაზე მოლაპარაკებებს არ გავმართავთ” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანამ და მისმა მოსახლეობამ ბევრი ტანჯვა გამოიარა, შესაბამისად, მოსკოვთან ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკება არ მოხდება.
ამის შესახებ მან Wall Street Journal-თან ინტერვიუში თქვა.
“რუსეთი ახალი ბრძოლებისთვის, ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადება და არა – მოლაპარაკებებისთვის. ასე რომ, არაფერს მოწმობს იმას, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად არიან მზად. ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და ვისწავლეთ “მინსკის პროცესის” გაკვეთილები, რომლითაც 8 წლის განმავლობაში გვაწამებდნენ, რომ ახლა ტერიტორიასა და მასზე მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წავიდეთ”, – თქვა მინისტრმა.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე საუბრისას, კულებამ თქვა, რომ ის არაფრით განსხვავდება უკრაინის სხვა ნაწილებისგან.
“უკრაინა დაუბრუნებს მთელ ტერიტორიას, მათ შორის, ყირიმს, ზოგს – სამხედრო გზით, ზოგს – დიპლომატიური საშუალებებით. ჯერ ნაადრევია რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ორ გზას შორის ბალანსის შესახებ”, – განმარტა მან.