CNN: აშშ-ში უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებაზე უკრაინის თხოვნას განიხილავს.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინელი ოფიციალური პირები და კანონმდებლები ბაიდენის ადმინისტრაციას და კონგრესს უკრაინელი სამხედროებისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებისკენ მოუწოდებდნენ – იარაღის, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ რომელსაც რუსეთი უკრაინის განადგურებისთვის იყენებს.

CNN-ის ცნობით, ვაშინგტონი სრულებით არ გამორიცხავს, ​​რომ მიწოდება შესაძლოა, მომავალში მოხდეს, მაგრამ ამას უკიდურეს ზომად მიიჩნევენ, რომელიც აუცილებელი გახდება უკრაინის მარაგების ამოწურვის შემთხვევაში.

ასეთი ქობინების მთავარი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ჭურვები ან რაკეტები აღჭურვილია მრავალი დამოუკიდებელი, მცირე ფრაგმენტული ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც დიდ ტერიტორიას ანადგურებს. ამავდროულად, ასეთი ჭურვების გარკვეული რაოდენობა არ ფეთქდება და მრავალი წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.

CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა შესაძლოა, გააუქმოს კონგრესის მიერ დაწესებული ბარიერები კასეტური საბრძოლო მასალის ექსპორტზე, მაგრამ თეთრ სახლში მიანიშნებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.

”უკრაინის უნარი, მიაღწიოს წარმატებას კონფლიქტის მიმდინარე და მომავალ ფაზაში, არანაირად არ არის დამოკიდებული ამ საბრძოლო მასალის მიღებაზე,” – განუცხადა ტელეკომპანიას აშშ-ის კონგრესში წყარომ.

ამერიკელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინაზე თავდასხმის დროს კასეტური საბრძოლო მასალები არაერთხელ გამოიყენა, რამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები