გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, გიორგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
„მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია, რადგან მათგან ხშირად საინტერესო ინიციატივები მოდის. შეხვედრისას, ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.
ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, 12- პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით, პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ფემიციდთან ბრძოლა. ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ყველა ის მეთოდი და ფორმა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ახალგაზრდების ჩართულობას ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.