გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე: ბოლო წლების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგად, სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელ პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, რაც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სწორ აქცენტებზე მიუთითებს
საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებით მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს ნარკორეალიზატორების მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგად, სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელ პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, რაც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სწორ აქცენტებზე მიუთითებს -ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოსადმი 2022 წლის 9 თვის შედეგების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ბაკურ აბულაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც წესი, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელებთან საპროცესო შეთანხმებები არ ფორმდება.
მისი თქმით, 2022 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა 135 ნარკორეალიზატორის მიმართ დაიწყო და ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირების მიმართ, ყველა შემთხვევაში გამოყენებული იყო საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები და დანიშნულია მკაცრი სასჯელები. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, პროკურორების და გამომძიებლების სწავლების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ არაერთ ტრენინგში, ადგილობრივ, საერთაშორისო და რეგიონულ სამუშაო შეხვედრასა და კონფერენციაში.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, მიმდინარე წელს სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამის საფუძველზე, პროკურორებმა გადამზადება გაიარეს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით პარალელური ფინანსური გამოძიების საკითხებზეც. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საბჭოს წევრებთან ნარკოტიკული დანაშაულის სფეროში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საკომუნიკაციო საშუალებებით განხორციელებული ნარკოვაჭრობა.
„ასეთ შემთხვევებში გამსაღებელი შემძენთან ურთიერთობას ახორციელებს დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, ანგარიშსწორება ძირითად კრიპტოვალუტით ხორციელდება, ხოლო უშუალოდ ნარკოტიკის გადაცემა სხვადასხვა, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე განთავსების გზით ხდება. აღნიშნული გარემოებები ართულებს დამნაშავეთა გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მიუხედავად ამისა, გამოვლენილი იქნა ნარკოტიკებით ამდაგვარი მეთოდით ვაჭრობის არაერთი ფაქტი.
2022 წლის განვლილ პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა საკომუნიკაციო საშუალებებით ვაჭრობაში მონაწილე 42 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, ყველა საქმეზე უზრუნველყოფილი იქნა გასაღებისთვის მომზადებული და სხვადასხვა ლოკაციებზე გასაღებისთვის ფარულად განთავსებული მნიშვნელოვანი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ამოღება” – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.
საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9 თვის ანგარიში წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.