“რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადის, მაგრამ პუტინის იზოლაცია ყველაზე უარესია მისნაირი ლიდერისთვის” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ომის დანაშაულებს ჩადის.

ამის შესახებ მან CBS News-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“ომის დაწყებით მათ დაუშვეს ძალიან ძალიან დიდი შეცდომა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ სცემენ პატივს საერთაშორისო კანონს და დაარღვიეს ყველა პრინციპი, რომელსაც ხელი მოაწერეს, რაც მათდამი ნდობას კლავს. და მეორეც, მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს საკუთარი და უკრაინის შესაძლებლობების შეფასებაში. სექტემბერში გადაწყვიტეს ბევრი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. მათი მიზანია უკრაინელი ხალხის სასოწარკვეთამდე მიყვანა და გახადონ მათი ცხოვრება გაუსაძლისი ზამთრის პერიოდში. ეს არის ომის დანაშაული”, – თქვა მაკრონმა.

ამის მიუხედავად, მაკრონი ამბობს, რომ აგრძელებს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ კონტაქტს და მართავს რეგულარულ დისკუსიებს.

“რადგან მიმაჩნია, რომ კომუნიკაციის აღდგენის საუკეთესო გზა პირდაპირი არხის შენარჩუნებაა. იზოლაცია ყველაზე ცუდია, განსაკუთრებით, მისნაირი ლიდერისთვის.

მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა, ანუ ევროპელებმა, ამერიკელებმა და ამ სამყაროს ქვეყნების მაქსიმალურმა რაოდენობამ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. აშკარაა, რომ რუსეთმა და, განსაკუთრებით, პრეზიდენტმა პუტინმა, იარაღად ენერგია და საკვების გამოყენება გადაწყვიტა, რამაც გამოიწვია დეფიციტი, არასტაბილურობა და ინფლაცია. მე ვფიქრობ, რომ მისი ფსონი არის ომისგან დაღლილობა და სანქციებისგან დაღლილობა.

მნიშვნელოვანია გზავნილის გავრცელება, რომ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ ეს. გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკების გზით იქნება. მე ვერ ვხედავ სამხედრო ვარიანტს ადგილზე“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები