თბილისში 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

4-იდან 11 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.  ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოფესტივალი – სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ – ცნობილ პოლონელ რეჟისორს, აგნეშკა ჰოლანდს უმასპინძლებს. 4 დეკემბერს რეჟისორი დაესწრება კინოფესტივალის გახსნას, რომელსაც გადაეცემა ფესტივალის მთავარი ჯილდო – „საპატიო პრომეთე“. ფესტივალს გახსნის მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019).
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციულ სექციაში – „აპოლო: კინოს მეხსიერება”, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, ნაჩვენები იქნება სამი იტალიური ფილმი, რომლებიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მოაზროვნედ აღიარებული რეჟისორის, პოეტისა და მწერლის, პიერ პაოლო პაზოლინის დაბადებიდან ასი წლისთავს ეძღვნება,
ამას გარდა, სექციაში წარმოდგენილია სახელგანთქმული ინდოელი რეჟისორის, სატიაჯიტ რეის ფილმი „დიდი ქალაქი”.

ფილმების სია:
5 დეკემბერი, 11:00 საათი,  „ამირანი 3“;
„დიდი ქალაქი“;
ინდოეთი / 1963;
რეჟ: სატიაჯიტ რეი.
სახლში ცხოვრება იცვლება, როცა დიასახლისი კალკუტის კონსერვატიული, საშუალო კლასის ოჯახიდან კომივოიაჟერად იწყებს მუშაობას.
სატიაჯიტ რეი
სატიაჯიტ რეი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა მსოფლიო კინოში. ის სწავლობდა კალკუტის უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი, რაბინდრანათ თაგორის უნივერსიტეტში ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტი გახდა. მან 1947 წელს ჩამოაყალიბა კალკუტის კინოსაზოგადოება და გადაიღო თავისი პირველი ფილმი „გზის სიმღერა“ (1955). ფილმს მომენტალური წარმატება მოჰყვა და „გრან-პრიც“ მიიღო კანის კინოფესტივალზე. ის უამრავი მხატვრული თუ სამეცნიერო ტექსტის ავტორია. 1992 წელს სატიაჯიტ რეი დაჯილდოვდა საპატიო „ოსკარით“.

5 დეკემბერი, 14:00 საათი, „ამირანი 1“;
„მედეა“;
იტალია, საფრანგეთი, გერმანია / 1969;
რეჟ: პიერ პაოლო პაზოლინი.
ოქროს საწმისის ხანგრძლივი ძიების შემდეგ იასონი ბრუნდება საბერძნეთში გავლენიან გრძნეულ მედეასთან ერთად. თუმცა, როცა მეფე გააძევებს მას, მხოლოდ ადამიანურია, რომ მედეა გეგმავს თავის მძვინვარე შურისძიებას. გაექცევიან ისინი მედეას მრისხანებას?

7 დეკემბერი, 14:00 საათი, „ამირანი 3“;
„მრისხანება“;
იტალია / 1963;
აღდგენის რეჟისორი: ჯუზეპე ბერტოლუჩი.
პიერ-პაოლო პაზოლინის სეგმენტის აღდგენის მცდელობა ფილმიდან „მრისხანება“ (1963), რომელიც იყო კომპილაციური დოკუმენტური ფილმი ორ ნაწილად. პირველი ნაწილის რეჟისორი იყო პიერ-პაოლო პაზოლინი, ხოლო მეორის – ჯოვანი გუარესკი.
ჯუზეპე ბერტოლუჩი იყო იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი. 1972 წლიდან 2012 წლამდე მან გადაიღო 26 ფილმი. ჯუზეპე არის ბერნარდო ბერტოლუჩის უმცროსი ძმა.

8 დეკემბერი, 12:00 საათი,  „ამირანი 1“;
„ოიდიპოს მეფე“;
იტალია, მაროკო / 1967;
რეჟისორი: პიერ პაოლო პაზოლინი.
ოიდიპოს მეფე იწყება 1920-იანი წლების იტალიაში. ის მოგვითხრობს ბავშვის დაბადებაზე, რომელიც ბურჟუაზიის წარმომადგენელ ქალს და სამხედრო ოფიცერს უჩნდებათ. ფილმის შუა ნაწილში აღწერილია ოიდიპოსის მითი, მამის მკვლელობა და ინცესტი. ეპილოგში ვხედავთ ოიდიპოსს 1960-იანი წლების ბოლონიაში. ის თავისი ხმაურიანი მოქალაქეებისთვის ფლეიტაზე უკრავს.
პიერ-პაოლო პაზოლინი
პიერ-პაოლო პაზოლინი (დ.1922), იტალიელი პოეტი, ინტელექტუალი, კინორეჟისორი, მწერალი, თავის თავს ხედავდა როგორც, ჟურნალისტს, რომანისტს, მთარგმნელს, დრამატურგს, ვიზუალურ ხელოვანსა და მსახიობს. პაზოლინი აღიარებულია მე-20 საუკუნის იტალიის ერთ-ერთ უდიდეს ინტელექტუალად, რომელიც გავლენიანი იყო, როგორც ხელოვანი და როგორც, პოლიტიკური ფიგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები