ევროკავშირის ელჩი: აქტიურად ვაკვირდებით ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს, ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ორგანოა და ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესს ევროკავშირი აქტიურად ადევნებს თვალს.

„სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ეს საკონსტიტუციო ორგანოა. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა სახალხო დამცველის მუშაობას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს. ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ჩვენ ვიცით, რომ პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. ვიცით, რომ იყო სხვადასხვა კანდიდატის შერჩევის პროცესი. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პოლიტიკური პარტიების დიდი უმრავლესობის მიერ. ჯერ ყველაფერი კარგადაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ უწყების დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები