სერბეთის დაზვერვას პრორუსი პოლიტიკოსი უხელმძღვანელებს
სერბეთის მთავრობამ დაზვერვის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად ქვეყანაში პრორუს პოლიტიკოსად მიჩნეული, ალექსანდრე ვულინი დანიშნა.
ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება.
ალექსანდრე ვულინი, რომელიც სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და მანამდე თავდაცვის მინისტრი იყო, სერბეთის სადაზვერვო სააგენტოს, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოს დირექტორი გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ის მოსკოვს აგვისტოში ეწვია, რაც აგრესორ ქვეყანაში ევროპული ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლისთვის იშვიათი ვიზიტი იყო, რაც კიდევ ერთი მინიშნება გახდა, რომ ბელგრადი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ შეუერთდება.
მაშინ ვულინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უთხრა, რომ „სერბეთი ერთადერთი სახელმწიფოა ევროპაში, რომელსაც არ დაუწესებია სანქციები და არ მიუღია მონაწილეობა ანტირუსულ ისტერიაში“.
ვულინი სერბეთის ხელმძღვანელობაში “მოსკოვის კაცად” მიიჩნევა.
ამ დანიშვნამ სერბეთის პროდასავლური ოპოზიცია გააღიზიანა. მათი თქმით, ეს ფაქტი დასავლეთის მოწოდების კიდევ ერთი უარყოფაა, რომელიც მოუწოდებს ბელგრადს, საგარეო პოლიტიკა ევროკავშირთან შეათანხმოს, თუ ბლოკში გაწევრიანება ნამდვილად სურს.
გასულ წლებში ვულინმა რუსეთისა და სერბეთის გენერალურ შტაბებს შორის თანამშრომლობა გააფართოვა, რომლებმაც შეიმუშავეს კოსოვოს წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის გეგმაც კი.
ოქტომბერში ვულინმა თქვა, რომ სერბეთმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიაროს, რომ მას “არ სურს” ევროკავშირში ყოფნა და “იქ მისი ადგილი არ არის”.