სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით – გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მასთან თანაცხოვრებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.

2022 წლის 23 ნოემბერს, ბრალდებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ხაშურის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა, 24 ნოემბერს, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით.
პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები