გიული ალასანია: სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში – ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან
“ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანია ყველას მოუწოდებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ.
“ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში, რომელიც მიიჩნევა ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან მათ რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისაგან თავის შეკავებისაგან და ჩემი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება მოგეხსენებათ ადამიანის, ჩემი შვილის ამ შემთხვევაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყროს და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა სასამართლო პროცესებზე ასევე, და იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზე გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას”, – განაცხადა ალასანიამ.