პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული გაყიდვების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, მასთან დაკავშირებული პირების მიერ ახლად დაფუძნებულ კომპანიებს გაუფორმა ხელშეკრულებები მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნასყიდობის შესახებ და ხშირ შემთხვევაში საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად აწვდიდა საქონელს, რომელთაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების არ გადახდის გამო უკვე გააჩნდათ დიდი ოდენობით დავალიანება, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 386 193 ლარის მატერიალური ზიანი.
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.