დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ აბაშიძემ გასულ წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და 2022 წლის გეგმებზეც ისაუბრა. ანგარიშში ასახულია ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსა და ფიქსირებული და მობილური ბაზრების თაობაზე. ვახტანგ აბაშიძემ ისაუბრა როგორც მაუწყებლობის სფეროს, ისე ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციებზე და მიმოიხილა მედია წიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიისა და მედია აკადემიის საქმიანობა.

მომხსენებლის განცხადებით, ამჟამად საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხია, აქედან 22 ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია, ასევე 55 რადიომაუწყებელია ქვეყანაში. მომხსენებლის თქმით, კომუნიკაციების დარგიდან 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 367,374 000 ლარი შევიდა. მისივე თქმით, კომისიის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქართული მედია პლურალისტური და მრავალფეროვანია. თუმცა რჩება გამოწვევები მედიის გარკვეული ნაწილის პოლიტიკური მიკერძოებულობის, სიძულვილის ენის, ყალბი ინფორმაციის კუთხით. როგორც ვახტანგ აბაშიძემ აღნიშნა, კომისიის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად.

„კომისიის ერთ-ერთ პასუხისმგებლობას წარმოადგენს მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, ამ მხრივ სერიოზული სამუშაოა ჩატარებული და უკვე ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი კომისიის შემადგენლობაში, ასევე კომისიასთან არსებობს მედია აკადემია, სადაც ბევრი პროექტი ხორციელდება. ერთის მხრივ ხდება ჟურნალისტების გადამზადება, მეორეს მხრივ ბევრი სამუშაო ჩატარდა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, გადამზადდნენ მასწავლებლები, ტრენერები. ახალგაზრდები მონაწილეობენ ამა თუ იმ პროგრამებსა და კონკურსებში, ამ სამუშაოს ვაგრძელებთ და მიხარია რომ მედია წიგნიერების სფეროს, რომელიც ძალიან მოცულობითია, სერიოზული ყურადღება ეთმობა არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც არსებული გამოწვევების ფონზე, იქნება ეს ფეიკნიუსები თუ სხვადასხვა პროპაგანდისტული სიყალბის გავრცელება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი, პირველ რიგში მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ აღჭურვილი გარკვეული ინსტრუმენტებით, რომ შეძლონ, ეგრეთ წოდებული უსაფრთხო ნავიგაცია ამ სატელეკომუნიკაციო სივრცეში”, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

ანგარიში მოიცავს ასევე ინფორმაციას ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის – Log in Georgia-ს შესახებ, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარებით ახორციელებს. ასევე შეჯამებულია ფიქსირებული და მობილური ბაზრების გახსნის მიზნით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში წარმოდგენილია მაუწყებლობისა და ტელეკომ-სფეროს ტენდენციები. კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები