აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსულ კერძო კომპანია “ვაგნერის” უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელების შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ Bloomberg-ს თეთრ სახლში ორმა ინფორმირებულმა წყარომ უამბო.
საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა, აღნიშნული საშუალებას მისცემდა შეერთებულ შტატებს, დაიწყოს სისხლის სამართლის დევნა “ვაგნერისა” და მისი ცალკეული წევრების მიმართ, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით მათი აქტივების დაკავების შესაძლებლობას.
“ვაგნერი”, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენსა და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს დაარსდა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი ინტერესები, კერძოდ, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში.
უკრაინაში “ვაგნერი” საომარ მოქმედებებში 24 თებერვლიდან არის ჩართული.
ამჟამად, “ვაგნერი” და თავად პრიგოჟინი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ უკვე არის.