ნინო წილოსანი ძალადობის მსხვერპლთა სასამართლო ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით ამერიკელ ექსპერტებს შეხვდა
პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ძალადობის მსხვერპლთა სასამართლო ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით პროგრამა SANE-ს ამერიკელ ექსპერტებს შეხვდა.
როგორც ნინი წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ექსპერტების მიერ შემოთავაზებული მოდელი შეიძლება, ჩვენს რეალობაში, გარკვეულწილად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალტერნატივა გახდეს.
მისი თქმით, პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ქალი ექსპერტების ნაკლებობასთან და რეგიონებში ექსპერტების არარსებობასთან, შესაძლებელია ალტერნატიული დამხმარე ექსპერტებით და ამ შემთხვევაში, სერტიფიცირებული ექიმების ჩართულობით გადაწყდეს.
„ეს, ერთი მხრივ, ექსპერტების რაოდენობის და კვალიფიკაციის პრობლემას მოაგვარებს, ხოლო მეორე მხრივ, დაიცავს მსხვერპლებს მეორეული ვიქტიმიზაციისგან, იმიტომ, რომ თავად არსებული ექსპერტიზის ფორმები, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლთა დიდ ტრავმატიზებას იწვევს და შესაძლოა ამგვარი შემოწმების საავადმყოფოში ან ექიმების მიერ უფრო მშვიდ გარემოში განხორციელებამ უკეთესი შედეგი მოგვცეს. მოვილაპარაკეთ, რომ აღნიშნულ მოდელზე მუშაობა გაგრძელდება. პროგრამის ექსპერტები ხვდებიან სამინისტროების წარმომადგენელებს. სამხარაულის ეროვნული ბიუროც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ამ პროექტის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ ამ სისტემის რეფორმირებას”, – აღნიშნა ნინი წილოსანმა.