ირაკლი მეზურნიშვილი: სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება
„ჩვენი გუნდის სწორმა და პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება”, – ამის შესახებ ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილი არის 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რაც ნიშნავს იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 80 მილიარდ ლარს მიაღწევს. მისი თქმით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დეფიციტი შემცირებულია და 2,8 %-ს შეადგენს.
„კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ გქონდა საკმაოდ სერიოზული გამოწვევები მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთან დაკავშირებით და კარგია, რომ ეს ბრუნდება ნორმალურ ჩარჩოში. კოვიდპანდემიის პერიოდში ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე, გავზარდეთ საგარეო ჩვენი ვალი, რადგან ძალიან დიდი დოზით დახმარებების გაცემა მოხდა და სასიხარულოა, რომ 2023 წლისთვის ჩვენ ვუბრუნდებით ევროპული ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტანდარტს და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საგარეო ვალი 39% -მდე იქნება”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისი თქმით, ამ რიცხვების უკან დგას რეალური შედეგი და ხალხის კეთილდღეობა. მისი თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 70 წლამდე პირთა პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში 70 წლამდე ასაკის მოქალაქის პენსია 355 ლარს გაუტოლდება. რაც შეეხება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსიას, ის გაიზრდება 65 ლარით და 365 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერები 450 ლარიან პენსიას მიიღებენ. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საფუძველზე, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასები გაიზრდება 20 %-ით. 125 ლარით მოიმატებს მასწავლებლების და მანდატურების ხელფასები. საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანების ანაზღაურება კი 10 %-ით გაიზრდება. როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩნდება განათლების სფეროში.
„2023 წელს განათლების სექტორზე დამატებით 300 მილიონ ლარამდე დაიხარჯება მათ შორის, როგორც ხელფასების ზრდის ისევე, განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. მომავალ წელს დაგეგმილია 500-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა. ჯანდაცვის სფეროში დანახარჯი დაახლოებით 7 მილიარდ ლარამდე იზრდება რაც ასევე, მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.