სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში 4 სამართალდამცავი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაულში მხილებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ., რომელმაც 2022 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში”, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული ფუნქციები. მან ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს. და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა. ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა.
ზემოაღნიშნულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა.
კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის” საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა. დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით.
დანაშაულში მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ზ.მ., რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.
დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის,126′ მუხლით და 11′- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი. 2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა თ.შ.-მ, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის მხრიდან დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტს ამოქმედდა, შექმნის დღიდან მოყოლებული, სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა 23 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული.