ანჯეი დუდა: პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პოლონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, გამოძიებისას დადასტურდა, რომ უკრაინის მასიური დაბომბვის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა.

„გამოძიება მიმდინარეობს, ადგილზე უკვე დასრულებულია ყველა საგამოძიებო მოქმედება, ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული გამოკვლევები. არანაირი ახალი დასკვნა არ ცვლის იმას, რასაც ადრე ვამბობდი. ჩვენ ყველა ველოდებით ექსპერტების დასკვნას და პროცესში არანაირად არ ჩავერევით“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ ორი რაკეტა აფეთქდა – ერთი პოლონეთში, მეორე კი უკრაინის ტერიტორიაზე.

„ვიცი, რომ თავდაპირველად ინფორმაცია ორ რაკეტაზე იყო. საგამოძიებო ქმედებების შედეგად მეორე რაკეტის ნამსხვრევები პოლონეთის ტერიტორიაზე არ აღმოჩენილა. მეორე რაკეტა 100%-ით იყო, მაგრამ ის არა პოლონეთის, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ანჯეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც რუსეთის გამო მოხდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები