მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, 26 მაისი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის სიმბოლოა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსენებს ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობას. მინდა, ჩვენს სამშობლოს ვუსურვო ეკონომიკური სიძლიერე, მტკიცე თავისუფლება და ერთიანობა.
მიმაჩნია, რომ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან ორმაგ დღესასწაულს აღვნიშნავთ – ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. მინდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივულოცო ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი და კიდევ ერთხელ ვუსურვო თითოეულ მათგანს თავისუფალ, ერთიან და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.