აღთქმა შვილის განსაკურნებლად და ოპტინის უდაბნოში დაწყებული მსახურება – ვინ იყო ტრიფონ თურქესტანოვი

მიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის თურქესტანოვი) დაიბადა მოსკოვში 1861 წლის 29 ნოემბერს. მამამისი, პეტრე თურქესტანოვი (1830-1891 წწ.), ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. მისი წინაპარი, ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი, რუსეთში პეტრე I–ის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა – ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა თავადის ქალი იყო. ყმაწვილობაში ბორისი მძიმედ დაავადდა. ექიმები გამოჯანმრთელების იმედს არ იძლეოდნენ. სასოწარკვეთილი დედა წმ. მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა და შვილის განკურნებას ევედრებოდა. მან წმ. ტრიფონს აღუთქვა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვაჟიშვილს მას მიუძღვნიდა და თუ ბერობის ღირსი გახდებოდა, სახელად ტრიფონი ეწოდებოდა. და აი, როგორც კი ყრმა გამოჯანმრთელდა, დედამ ოპტინის უდაბნოში წაიყვანა, შესაგებებლად გამოსულმა ბერმა მოულოდნელად იქვე მდგომ ხალხს მიმართა: “გზა მიეცით, მღვდელმთავარი მოდის”.

1887 წელს მიიღო რა ბორისმა მშობლებისგან დალოცვა, ოპტინის უდაბნოში ბერ ამბროსისთან მორჩილად დადგა, მანვე აკურთხა მონაზვნობაზე. 1891 წელს ბორისი ბერად აღიკვეცა ტრიფონის სახელით – აღსრულდა დედისეული აღთქმა. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ–დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ–მონაზვნად იქნა ხელდასხმული. ბერი ამბროსის კურთხევით, ტრიფონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში იგი პატიმართა გადასაგზავნ ციხეში მსახურობდა. 1891 წელს მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე “ძველქრისტიანი და ოპიტნელი ბერები”. მან ხუთი უცხო ენა იცოდა: ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური. 1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წ. 18 ივლისს იგი დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად იკურთხა და ამ თანამდებობაზე 15 წელიწადი მსახურობდა. მქადაგებლობის განსაცვიფრებელი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას “მოსკოვის ოქროპირი” უწოდა.

I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კონტუზია მიიღო და იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო. 1916 წლიდან აღარ არის რა მოქმედი ეპისკოპოსი, ნოვო–იერუსალიმის აღდგომის მონასტერში მოღვაწეობს. 1917 წ. ფრონტიდან კვლავ ამ მონასტერში დაბრუნდა.

1918 წლიდან მეუფე ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და აღარ მონაწილეობდა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მასთან განუწყვეტლივ მოედინებოდა მნახველთა უწყვეტი ნაკადი სულიერ თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევის მისაღებად. მორწმუნე მრევლი მას პატივს სცემდა, როგორც დიდებულ მღვდელმთავარს, ჩინებულ მქადაგებელსა და მადლმოსილ მოღვაწე ბერს, მისი რჩევები, შეხედულებები არცთუ იშვიათად გადამწყვეტი იყო არათუ მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილებისათვის, არამედ რევოლუციის შემდგომი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც.

პატრიარქი ტიხონი მისდამი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული, მასთან ერთად ხშირად მსახურობდა და 1923 წ. მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. რუსეთის ეკლესია ამ ორ საეკლესიო მოღვაწეს ორ “დიდ სვეტად” მიიჩნევს, რომლებიც მძიმე დროებაში განამტკიცებდნენ რუსეთის წმინდა ეკლესიას.

1825 წ. პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, მთავარეპისკოპოს ტრიფონის მოღვაწეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად ითვლებოდა რა პენსიონერად, ის ჭეშმარიტად რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ–ერთი უმთავრესი სულიერი წინამძღოლი იყო. 1931 წ. მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

მეუფე ტრიფონის სიტყვა მათთვის, ვინც რუსეთის ცხოვრების 20-30–იანი წლების საშინელებების დროს შეინარჩუნა ჭეშმარიტი რწმენა, კანონი იყო. ხალხს სწამდა, რომ მისი ბაგეებით თვით უფალი ღაღადებდა. მხატვარი პავლე კორინი, რომელმაც ნატურიდან შექმნა მიტროპოლიტ ტრიფონის პორტრეტი იგონებდა, რომ მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი სწორედ მეუფე ტრიფონის დამსახურებით შემორჩა ისტორიას. სასულიერო პირები, რომელთაც მხატვარი სახლში იწვევდა, პორტრეტის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ თანხმდებოდნენ, როცა შეიტყობდნენ, რომ ეს ყველასგან პატივცემული მეუფე ტრიფონის ლოცვა–კურთხევით ხდებოდა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელი აკათისტო (დაუჯდომელი) – “გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისთვის”.

მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წ. 14 ივნისს. დაკრძალულია მოსკოვის ვვედენსკის სასაფლაოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები