„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ – საჯარო ლექციების სერია დასრულდა

თამარ მუქერია

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში საჯარო ლექციების სერია უკვე დასრულდა. გაიმართა 4 საჯარო ლექცია: ქართული და ევროპული მუსიკის, აგრეთვე ბაროკოს პერიოდის თეატრისა და არქიტექტურის შესახებ და ჩაატარეს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა და პროფესორებმა.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეა მუქერიამ აცნობა, 16 ნოემბერს გაიმართა შალვა ქურიძის (არქიტექტურის დოქტორი, ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრატორი და ქალაქმგეგმარებელი) საჯარო ლექცია – „ბაროკოს კონცეფციის გამოყენების პრობლემები“. საჯარო ლექციაზე განხილული იყო „ბაროკოს არქიტექტურის“ კონცეფციის გამოყენების შესაძლებლობა სამეცნიერო რევოლუციის პერიოდზე, რომელიც არის ახალი ტერმინოლოგიური სერიის და კავშირების აგების მცდელობა მეცნიერების ფენომენებს შორის.

თეა მუქერია

18 ნოემბერს კი მუსიკოსმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტმა და „საქართველოს სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა თეა მუქერიამ ჩაატარა საჯარო ლექცია – „ანაქრონიზმი და ავთენტიკურობა ბაროკოს საშემსრულებლო ხელოვნებაში“.
საჯარო ლექციაზე განხილული იყო, თუ რას შეიძლება ვუწოდოთ ბაროკოს მუსიკის შესრულებისას ანაქრონიზმი, რას ნიშნავს ავთენტიკური შესრულების მანერა და  ისტორიული მუსიკალური ინსტრუმენტები რამდენად განსაზღვრავს შესრულების ავთენტიკურობას.

20 ნოემბერს, მიხეილ ჯავახიშვილის (აკადემიური გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ წევრი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი)  საჯარო ლექციაზე განხილული იყო სამუსიკო ფოლკლორის გადარჩენის გზა „მართვეს“ ცოცხალი შესრულების მაგალითზე, შეხვედრაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო მოკლე დოკუმენტური ფილმი, სადაც ანზორ ერქომაიშვილი თავად ჰყვება ქართული ტრადიციული მუსიკის პრობლემატიკაზე და თაობიდან თაობაზე ტრადიციების გადაცემის აუცილებლობაზე.

მიხეილ ჯავახიშვილი

21 ნოემბერს, ფესტივალის საჯარო ლექციების სერია დასრულდა თეატრმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის კოორდინატორისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, თამარ მუქერიას საჯარო ლექციით – „OPERA ბაროკოს ეპოქაში“. საჯარო ლექციაზე განხილული იყო საოპერო ხელოვნების წარმოშობის ისტორია, ასევე საინტერესო ამბები მისი შემქმნელებისა და შემსრულებლების შესახებ და აუდიტორიამ მოისმინა ფრაგმენტები სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებიდან.
„საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ პროფესიონალი ხელოვანები, დარგის სპეციალისტები და უბრალოდ ხელოვნების მოყვარულები.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის თითოეულ მომხსენებელს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების შესახებ საინტერესო ლექციების ჩატარებისთვის“, – გვითხრა ტეა მუქერიამ.

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 27 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის სოლისტების კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები