გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანტალიაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ანტალიაში, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის (Black sea and the middle east flash flood guidance system) საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობას, რაც ხელს შეუწყობს შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება-შერბილებას.

,,კომიტეტის სხდომაზე შეფასდა შავი ზღვისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების წყალმოვარდნის პროგნოზირების სისტემის მიერ მიღებული მონაცემები. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში წყალმოვარდნების პროგნოზირების სისტემის ფუნქციონირებაში არსებული ხარვეზები, შემუშავდა განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები.

სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნის პროგნოზირების საორგანიზაციო სხდომას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, თურქეთის, ლიბანის, პალესტინის და საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური და საგანგებო სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები