გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამედიცინო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს
სამედიცინო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი სამედიცინო ნარჩენების შემგროვებელი, ტრანსპორტიორი და მმართველი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული საკითხები უკავშირდებოდა სამედიცინო კლინიკებში ნარჩენების შეგროვების წესებს, მათი ტრანსპორტირების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე განადგურებას და ნაგავსაყრელზე განთავსებას.
შეხვედრაზე დაიგეგმა პარლამენტის მიერ თემატური მოკვლევის ჩატარება, რომლის დროსაც შეისწავლიან საკითხს და ამის შედეგად გაიცემა რეკომენდაციები და წინადადებები. მათ შორის საკანონმდებლო კუთხით მოწესრიგებასთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ სამედიცინო ნარჩენების შეგროვება ორგანიზებული სახით, ძირითადად თბილისში და რუსთავში ხდება. ჩვენ ვიმსჯელეთ იმის თაობაზე, რომ დანარჩენი რეგიონებიც ერთიანი მოწესრიგების ქვეშ მოექცეს”, – განაცხადა ხატია წილოსანმა.