„სრული ტყუილია, რომ ბელარუსი ოჩამჩირის რაიონში ინვესტიციებს ახორციელებს, ბჟანიამ ეს თემა საზოგადოების მოსატყუებლად შემოაგდო“ – ჯემალ გამახარია

ბელარუსს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეისთვის არავითარი ინვესტიცია არ აქვს ჩადებული, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, “ბელარუსი ოჩამჩირის რაიონში დიდ პროექტს ახორციელებს, რომელიც ბევრად აღემატება 50 მილიონ დოლარს.“

„რუსული მხარე ცდილობს, მოსკოვის პოლიტიკით უკმაყოფილო აფხაზურ საზოგადოებას რაღაც ისეთი თემები შეუგდოს, რომლებიც უარყოფით დამოკიდებულებას გაანეიტრალებს. ერთ-ერთი ასეთი თემა ლუკაშენკოს ვიზიტი და ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარება იყო. ეს აღიარება არ მოხდა, მაგრამ ახლახან ბჟანიამ გამოაცხადა, რომ ბელარუსი აფხაზეთში 50- მილიონიანი დოლარის ინვესტიციებს ახორციელებს და იმ ქვეყანაში, სადაც ამხელა ინვეტიციას დებს, აუცილებლად საელჩოს გახსნისო. ამ განცხადებამ დაგვაინტერესა. ჩვენთვის საინტერესო იყო, გაგვერკვია, რა ინვესტიციებს დებს ბელარუსი ოკუპირებულ აფხაზეთში. ბჟანიამ თქვა, რომ ბელარუსი ინვესტიციებს ოჩამჩირის რაიონში ახორციელებს. ეს სრული ტყუილია. ჩვენ ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე შევისწავლეთ. გავარკვიეთ, რომ დღეისთვის არავითარი ინვესტიციები არაა ჩადებული, ამ თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს. ეს სრული ბლეფია. ბჟანიამ ეს თემა საზოგადოების მოსატყუებლად შემოაგდო. ყოველი მისი განცხადება მოსკოვიდან მიღებული ამა თუ იმ მითითების შესრულებაა”, – განაცხადა გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები