კონგრესმენები ნატოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ემხრობიან

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატო-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ. კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ. კონგრესმენები მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად გახადოს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივა.
„ჩვენ მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას,“- აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.
კონგრესმენების მოსაზრებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ, 25 წლის განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთმა ქვეყანამ შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. სხვადასხვა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, რომელიც ხშირად ნატოს ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა – ჩატარდა რეფორმები და განხორციელდა ინიციატივები, რომლებმაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას, ანგარიშვალდებული მმართველობის შექმნასა და კანონის უზენაესობას მილიონი ევროპელისთვის. ხოლო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, ნატო, როგორც ალიანსი და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რეგიონში სტაბილურობის გარანტი გახდა. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“,-აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები.
ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებით, უკრაინის მოვლენები მიანიშნებს, რომ შესაძლოა რეგიონის ქვეყნებზე გარე ძალების მხრიდან მოხდეს ძლიერი ზეწოლა.
„შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა მიაღწიეს უკვე იმ კრიტიკულ წერტილს, როდესაც აუცილებელია იმ მექანიზმების ამოქმედება, რომლებიც უზრუნველყოფს ნატოს მომავალ მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ვუახლოვდებით რა 2014 წლის ნატოს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშავოთ თქვენთან ერთად, რათა ვუზრუნველყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება“, – აღნიშნულია კონგრესმენების წერილში, რომელსაც 42 კონგრესმენი აწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები