დიმიტრი ხუნდაძე: თუ კითხვის დასმა, თუნდაც ელჩისთვის, შეურაცხყოფაა, ხოლო მოწოდება, რომ საზოგადოება საკუთარ არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს – დემოკრატიის ნაწილი, მაშინ ჩვენ ყველასა და ყველაფერს ავცდით
„თუ კითხვის დასმა, თუნდაც ელჩისთვის, შეურაცხყოფაა, ხოლო მოწოდება, რომ საზოგადოება საკუთარ არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს – დემოკრატიის ნაწილი, მაშინ ჩვენ ყველასა და ყველაფერს ავცდით“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა Postv-ის ეთერში, გადაცემაში „დიდი გადაცემა“.
მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს გულწრფელი განწყობა ევროკავშირის წევრობის სტატუსისადმი და მხოლოდ პოლიტიკურად აინტერესებს ეს თემა.
„მესმის, რა თქმა უნდა – ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ საზოგადოება უნდა იყოს მკაცრი და მომთხოვნი, მას უნდა აკრიტიკებდეს და ზედმეტი დროშების ფრიალი საჭირო არ არის, მაგრამ, როცა საქმე ეხება ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოებას და როცა ხედავენ, რომ რეგიონში ურთულესი ვითარების ფონზე, როცა არის ღია შეიარაღებული დაპირისპირება და ჩვენთან პირდაპირ შემხებლობაშია ეს საკითხი, ამ ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება აღწევს იმას, რომ არის მშვიდობა და პირიქით, ის აჩვენებს წინსვლას (ევროკომისარმაც აღიარა ეს), ნახეთ, თუ როგორ დაესხა ოპოზიცია თავს – პუტინის მონა უწოდეს.
ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც მაშინ, რაც მათთვის თითქოს ყველაზე სამიზნე თემაა – რამენაირად ევროკავშირი წევრობის სტატუსს მივაღწიოთ, როგორც კი პოზიტიური მესიჯი გაჩნდება ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინვე თავს ესხმიან, იმიტომ, რომ ეს აღიქმება უკვე მათ მარცხად. ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი.
ჩვენი უმთავრესი როლი რა არის – რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული; რომ საზოგადოების პოზიციონირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და მათსავე უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენ რომ კულისები გავხსენით და ძალიან ბევრი რამ გამოვიტანეთ გარეთ“, – განაცხადა ხუნდაძემ.