მაკა ბოჭორიშვილმა „ევროპის დღის“ კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულ სტუდენტებს უმასპინძლა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  მაკა ბოჭორიშვილმა „ევროპის დღის“ კვირეულის ფარგლებში გამარჯვებულ სტუდენტებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებსა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის თანამშრომლობით გაიმართა.

მონაწილე სტუდენტებიდან  8 გამარჯვებული ახალგაზრდა „კონრად ადენაუერის ფონდის“ მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში იმყოფებოდა.

დღეს გამართული შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების  პროცესზე და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„საინტერესო იყო ბრიუსელიდან დაბრუნებული სტუდენტების მოსაზრებები, ევროკავშირის ინსტიტუტებში მოსმენილი გზავნილები და მათ მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, როგორ ხედავენ ახალგაზრდები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივას და საქართველოს მომავალს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ერთობლივად შევძლოთ შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საშუალება ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრისას, ახალგაზრდებმა ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. ისაუბრეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებაზე. საუბარი ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საქართველო და როგორ შეიძლება ახალგაზრდები ამ გამოწვევების მოგვარებაში ჩაერთონ.

„ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ინსტიტუტებიდან მივიღეთ გზავნილები, რომელიც არის აშკარა დადასტურება იმისა, რომ მზად არიან მიგვიღონ საკუთარ ოჯახში თუმცა, ეს ყველაფერი არ იქნება უპირობოდ. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ყველა ის პირობა რაც ჩვენს წინაშეა, რის შემდგომაც გავხდებით ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების ღირსეული და სრულუფლებიანი წევრები“, – აღნიშნა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ელენი ლომთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები