დასაქმების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 20 კანდიდატი შეარჩია
„ისწავლე დასაქმებისთვის“ – ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 35 სხვა კომპანიასთან ერთად მონაწილეობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამაც მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფორუმზე 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდა, პოტენციურ დამსაქმებელს ადგილზე შეხვედროდა, სასურველი ვაკანსიის შესახებ გასაუბრებოდა და საკუთარი უნარები კომუნიკაციის გზით წარმოეჩინა. 30 დაინტერესებული კანდიდატიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის 20 კანდიდატი შეარჩია. საბოლოო ეტაპების გავლის შემდეგ, აპლიკანტები სამომავლოდ მგზავრთა მომსახურების აგენტის, ბაქანზე მომსახურების აგენტისა და ფრენების კოორდინაციის და მიწისზედა მომსახურების დისპეტჩერის ვაკანსიებზე დასაქმდებიან.
“დასაქმების ფორუმი საშუალებას იძლევა, პირისპირ შევხვდეთ და მოვიზიდოთ დაინტერესებული კანდიდატები ჩვენს კომპანიაში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში დასაქმების კუთხით, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილად ითვლება. ჩვენ მუდმივად ვაძლევთ საშუალებას ახალგაზრდებს დასაქმდნენ და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. ტერმინალის გაფართოების შემდეგ, პერიოდულად ვაცხადებთ ვაკანსიებს. სტაჟირების პროგრამა, კომპანიის ზრდიდან გამომდინარე, მუდმივ პროცესს წარმოადგენს კომპანიის 2022 წლის ზაფხულში, ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირებაც გამოვაცხადეთ, რასაც დიდი დაინტერესება მოჰყვა და კომპანიაში შემოსული 180 განაცხადიდან საბოლოო ეტაპების გავლის შემდეგ, 15 სტაჟიორი დავასაქმეთ”, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი, თამარ არჩუაძე.
დასაქმების ფორუმის მიზანია ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა. ფორუმი ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით (SESA), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“ ფარგლებში გაიმართა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმეები hr@airports.ge – ზე.