დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) გამართა

„ტურიზმის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატით გამართულ შეხვედრაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში პარლამენტის, მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის სფეროში არსებული ასოციაციების, ასევე შესაბამისი გაერთიანებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მისი მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კანონპროექტის განხილვა, მასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციების გამართვა და მონაწილე მხარეების პოზიციების შეჯერება.

„დღევანდელი შეხვედრა ხელს უწყობს პარლამენტის, კერძო სექტორის და ტურიზმის ასოციაციის ერთობლივ მუშაობას ახალ კანონზე. მნიშვნელოვანია ქვეყანამ მიიღოს კანონი, რომელმაც უნდა გაუმჯობესოს ტურიზმის სფეროში უსაფრთხოების რეგულაციები. ჩვენი მიზანია, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ტურიზმის მარეგულირებელ ისეთ რეფორმას, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვნად წაადგება, რათა უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს, რამდენადაც საქართველოს აქვს არა მარტო უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, არამედ კიდევ მრავალი შესაძლებლობა, რომელიც მაღალ ბიუჯეტიან ტურისტებს იზიდავს, რაც შესაბამისად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც”, – განაცხადა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა ოლსონმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას ემსახურება, მიმდინარე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დაინიცირდება. „ფაქტობრივად კანონი დასრულებულია, მიმდინარეობს საბოლოოდ პოზიციების შეთანხმება, რადგან ჩვენთვის, ნებისმიერი კანონის შემუშავებისას მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი იყოს ჩართული იმისთვის, რომ კანონპროეტი იყოს ქმედითი, რომ კანონი იყოს შესრულებადი და შესაბამისად ემსახურებოდეს იმ ინტერესებს, რასაც საჯარო და კერძო სექტორის ინტერესების სრულად შეჯერება და დაბალანსება ჰქვია. ამ რეფორმით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება იმისათვის, რომ შესაძლებლობა მიეცეს სექტორს მეტი ტურისტი მოიზიდოს, უფრო უსაფრთხო გახდეს, სადაც ეს აუცილებელია და ეს იქნება როგორც ტურისტების ასევე ტურიზმის სექტორის ინტერესების დაცვით”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები