სარჯველაძე – “ევროპის სახალხო პარტიის” რეზოლუციაზე: ყველას მართებს კორექტულობა, ვინც საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების შეფასებაზე საუბრობს
ყველას მართებს კორექტულობა, ვინც საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების შეფასებაზე საუბრობს, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “ევროპის სახალხო პარტია ახალ რეზოლუციაზე მუშაობს, სადაც აღნიშნული იქნება ის უკუსვლა, რომელიც ხელისუფლების გამო აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის კურსის მიმართულებით.
სარჯველაძის თქმით, “ნებისმიერი რამ შეიძლება, იყოს ახსნადი იმ თანამშრომლობით და გულშემატკივრობით, რომელიც აქვს „ევროპის სახალხო პარტიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ეს არც არის გასაკვირი. ალბათ, ნებისმიერი რამ შეიძლება, იყოს ახსნადი იმ თანამშრომლობით და გულშემატკივრობით, რომელიც აქვს „ევროპის სახალხო პარტიას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. იცით, რაოდენ დიდ კრიზისშია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი ტიპის განცხადებებით და თავდასხმებით ისინი ცდილობენ მხარდაჭერა გამოუცხადონ, უკეთესი პირობები შეუქმნან „ნაციონალურ მოძრაობას“. ამომრჩეველმა, ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვიტონ, თუ რამდენად პერსპექტიულია ეს. მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. ეს არის ხალხი, რომელიც ცდილობს ამ ალიანსის – „ნაციონალური მოძრაობის“ და „სახალხო პარტიის“ ფარგლებშიც ხელი შეეშალოს საქართველოს ევროპულ წინსვლას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ეს არ არის კარგი მოვლენა, ის, რაც საქართველოს სჭირდება. მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ყველას კორექტულობა მართებს, ვინც საუბრობს საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე რეფორმების განხორციელების შეფასებაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.