„თავი გადასწია და…მარადისობაში გადავიდა“ – 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა
18 ნოემბერი დიდი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღეა. ინფორმაციას პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„1940 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში, დანიშნული იყო აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის საჯარო ლექცია,დარბაზი ხალხს ვერ იტევდა, მომხსენებელი თავაზიანად მიესალმა მსმენელებს და დაიწყო ლექციის კითხვა…ერთ მომენტში (21 საათსა და 40 წუთზე) წამიერად შეყოვნდა, თავი გადასწია და…მარადისობაში გადავიდა…
ილია ჭავჭავაძის შემდეგ ქართველი ხალხის ჭეშმარიტი პატრონი და ინტელექტუალი წინამძღოლი ივანე ჯავახიშვილი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის ადვოკატურ-გამოსარჩლებით მეთოდით გააზრებაზე უარის თქმა და ევროპული დონის ისტორიული აზროვნების დანერგვა.
170 ნაშრომისა და 20 მონოგრაფიის ავტორი, ევროპული დონის ქართული საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელი, პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საოცრად მოკრძალებული და თავმდაბალი, დიდი არისტოკრატი, ტოტალიტარული სისტემის მიერ დევნილი,თავის მიერ დაარსებული უნივერსიტეტიდან გაძევებული 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჩვენ – ყველანი ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო-ტექნიკური მიმართულების წარმომადგენელნი ვალში ვართ ამ დიდი ადამიანის ხსოვნის წინაშე.
„სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა…ეს ისეთი ბედნიერებაა,რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს და ვინც ისეთი ბედნიერია, რომ ბუნებისაგან დაჯილდოებულია ნიჭით, რომ მას აქვს ნებისყოფა,აქვს აგრეთვე გატაცება,ის უნდა გრძნობდეს,რომ ვალდებულია, სამაგიერო გადაუხადოს იმ ერს, რომლისაგანაც ის წარმოშობილა”, – აღნიშნავდა იგი. ნათელი დაადგეს მის უკვდავ სულს“, – წერს სერგო ვარდოსანიძე.