17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
„გალაკტიონის წარსულსა და მომავალს აწმყო სდარაჯობს: ის დღესაც ყოველწამიერად იბადება ჩვენს გულსა და გონებაში. 131 წლის გამხდარა… მარადისობას რას დააკლებს წელთა დინება“?! – ასე ეხმაურება ლიტერატორი მიხეილ ჭონქაძე სოციალურ ქსელში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს. მსგავსი სიყვარულით ეხმაურებიან იუბილეს უბრალო ქართველი მკითხველებიც.
გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ…“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა, მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით, იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები.