„იმერეთის 100 ძეგლი“ – გიორგი დვალაშვილის ახალი ნაშრომი გამოიცა

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის, გიორგი დვალაშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი – „იმერეთის 100 ძეგლი“.
როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, ნაშრომში წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი საცნობარო ტექსტები.
თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე – გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის A4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად ილუსტრირებულ გვერდს.
გიორგი დვალაშვილი:
„აქამდე „კლიოს” მიერ გამოცემულია ანალოგიური თემატიკის რამდენიმე წიგნი, რომლებიც საქართველოს კულტურული და ბუნებრივი ძეგლების აღწერას შეიცავს. 2017 წელს გამოსულ წიგნში – „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ – რომლის იდეაც ზაზა ხიდურელს ეკუთვნის, ავტორი კი გიორგი დვალაშვილია, ჯამში, 350-ზე მეტი ძეგლის აღწერა შევიდა.
იმის მიუხედავად, რომ წლებია, ჩართული ვართ საექსპედიციო საქმიანობაში და დაწვრილებით გვაქვს შესწავლილი იმერეთის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მონაცემები, ამ კრებულში იმერეთიდან მხოლოდ 13 ძეგლი მოხვდა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოს რეგიონებში არსებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია ცალ-ცალკე წიგნში გამოქვეყნებულიყო. იმერეთის შესახებ მომზადდა და მასში განთავსდა წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს მოძიებული მასალები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები