კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნუშის, იასამნისა და კვიდოს ათასობით ნერგის დარგვა დაიწყო

16 ნოემბრიდან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ნუშის, იასამნისა და კვიდოს ათასობით ნერგის დარგვა დაიწყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა, მებაღე ზურაბ შევარდნაძემ და სკოლის მოსწავლეებმა.
„მუზეუმის ახალი ნერგებით განაშენიანების პროცესს კოორდინაციას უწევს დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“, ზურაბ შევარდნაძის ხელმძღვანელობით. ნოემბრის ბოლომდე დაგეგმილია 2000 ნუშის, 1000 იასამნისა და 4000 კვიდოს ნერგის დარგვა. მუზეუმის ტერიტორიის სხვადასხვა ჯიშის ნერგებით განაშენიანების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
 მიმდინარე წლის 1 მარტიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის მთელ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი 49 ჰექტარია, „გარდენია შევარდნაძის” ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით, მასშტაბური სანიტარიული ჭრა და დასუფთავება დაიწყო, მოწესრიგდა მწვანე საფარი, მერქნიან მცენარეებს მოშორდა ხმელი ტოტები, გაიწმინდა ფეხით სავალი ბილიკების მიმდებარე ტერიტორია.
კულტურის სამინისტროს მიერ აღნიშნული პროექტების ხელშეწყობის მიზანია ეთნოგრაფიული მუზეუმის კვლავ სამუზეუმო-სამეცნიერო კერად გადაქცევა და მისთვის „მწვანე მუზეუმის“ სტატუსის მინიჭება, რათა საგანმანათლებლო ფუნქციასთან ერთად, ღია ცის ქვეშ მუზეუმმა დასასვენებელი ადგილის ფუნქციაც შეითავსოს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები