მიხეილ სარჯველაძე: “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ყველაზე კარგად გამოააშკარავა ოპოზიციის დესტრუქციული სახე

მიუხედავად იმისა, რომ ვარჰეის მხრიდან გამოხატული იყო პოზიცია ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი საკამათოდ სვამდა, ისინი დესტრუქციულ დამოკიდებულებას მაინც ინარჩუნებენ და ცდილობენ, ვალდებულებების შესრულებას ხელი შეუშალონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, “დეოლიგარქიზაციის” შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ოპოზიციის დესტრუქციული სახე გამოააშკარავა.

“დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტზე მუშაობის პროცესმა ყველაზე კარგად გამოააშკარავა ოპოზიციის დესტრუქციული სახე. ოპოზიციის იმ ნაწილის, რომელსაც გეგმაში აქვს, რამენაირად ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ წინაპირობების შესრულებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გასაგებია, ამას რატომ აკეთებენ, მაგრამ ამ კანონპროექტმა ოპოზიციის დესტრუქციული განწყობები მეტად ცხადი გახადა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარჰეის მხრიდან გამოხატული იყო პოზიცია ყველა საკითხზე, რასაც ოპოზიციის ერთი ნაწილი საკამათოდ სვამდა, ისინი დესტრუქციულ დამოკიდებულებას მაინც ინარჩუნებენ და ცდილობენ, ვალდებულებების შესრულებას ხელი შეუშალონ. ოპოზიციის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტზე არაფერი გაგვეკეთებინა და 11 პუნქტის შესრულების იმედად ვყოფილიყავით. მათი მხრიდან კანონპროექტზე არცერთი არგუმენტი არ ყოფილა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ეს არ არის თვითმიზანი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, გავიგოთ ავტორიტეტული შეფასება, როგორ ხედავს ვენეციის კომისია ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებას. ვენეციის კომისიაში მსგავსი კანონპროექტი დასკვნისთვის აქვს გაგზავნილი უკრაინას და თუ ამასობაში დასკვნა იქნება, იმავე დასკვნის შემცველი იქნება, რაც საქართველოსთვის. დამოუკიდებლად გაგზავნა და პროცედურების შეჩერების აუცილებლობა არც გამოკვეთილა და არც საჭიროება არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები