თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეატრ „ასტანა ბალეტის“ დასმა წარმოადგინა დადგმა – „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“, რომელიც ქორეოგრაფების – აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატიურას აერთიანებს.
ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. საიუბილეო საღამოს დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წულუკიძე.
თეატრი „ასტანა ბალეტი“ ყაზახეთის წამყვანი თეატრი და ცენტრალური აზიის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. „ასტანა ბალეტი“ კლასიკას, თანამედროვე ქორეოგრაფიასა და ეროვნულ მახასიათებლებს აერთიანებს. თეატრის დასი გამოდიოდა ისეთ სცენებზე, როგორიცაა: მარიას თეატრი, დუბაის ოპერა, მილანის ახალი თეატრი, გრიმალდის ფორუმი (მონაკო), ლინბურის ცენტრი (კოვენტ გარდენის სამეფო თეატრი, ლონდონი), ლინკოლნის ცენტრი (ნიუ-იორკი) და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები