ოთარ დანელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მუშავდება. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ გამოცდილების გაზიარებაა, რაც საქართველომ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული რეფორმებით და ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტებით მიიღო. სტუმრებმა შეხვედრაზე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგში ახორციელებს, მათ შორის, საირიგაციო სისტემების მოწყობა; ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობა, რომელიც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს; ევროპული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა; ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანული მხარის გამოცდილების გაზიარება აგროლიზინგის მიმართულებით.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ჩვენს მეზობელ კოლეგებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკას 10-წლიანი გამოცდილება აქვს აგროლიზინგის მიმართულებით და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის საინტერესოა. ვფიქრობ, კარგი იქნება, შევძლოთ ბიზნესფორუმის ორგანიზება ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისათვის. ასეთი ტიპის ღონისძიებები დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიღების მეტ შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგარარულ სფეროში ევროპული სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვა იწყება. დელეგაციის ხელმძღვანელმა ოთარ დანელიას გადმოსცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჰეიდარ ასადოვის მოლოცვა მინისტრის პოსტზე დანიშვნასათან დაკავშირებით და სურვილი, უახლოეს მომავალში დაიგეგმოს საქართველოს სოფლის მეურნეობის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები