გიორგი კახიანი: ევროკომისრის აქცენტები ძალიან პოზიტიური იყო – შეფასებები აღარ მოვისმინე ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან, ლამის ევროკომისარი პრორუსი გამოიყვანეს
ევროკომისრის აქცენტები, რაც მან გააკეთა, იყო ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტს.
მისი თქმით, ოპოზიციონერებმა ევროკომისარი ლამის პრორუსი გამოიყვანეს.
„ევროკომისრის აქცენტები, რაც მან გააკეთა, იყო ძალიან პოზიტიური. მე ასე შევაფასებდი, იმდენად პოზიტიური იყო, რომ რა შეფასებები აღარ მოვისმინე ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან, ლამის ევროკომისარი პრორუსი გამოიყვანეს. პირდაპირ თუ ირიბად ამის მცდელობები დავინახეთ, რომ თითქოს მიკერძოებული იყო. არ აქვს მნიშვნელობა ევროკომისარი საუბრობს, ნებისმიერი სხვა ევროსტრუქტურის წარმომადგენელი თუ მით უმეტეს ჩვენ, რაღაცას ისეთს რომ ვიტყვით, რაც შეიძლება მათ არ მოსწონდეთ, გამოდის, რომ ხარ პრორუსი, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ამ თამაშს ვერ ავყვებით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციებს რეალურად ასრულებს, ხოლო ოპოზიციას ამ პროცესისთვის ჩრდილის მიყენება უნდა.
„მე საერთოდ არ მგონია, რომ მათ უნდოდეთ, ამ ეტაპზე საქართველომ რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მე ასეთი წარმოდგენა მაქვს მათზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია, მაგრამ ეს არ უნდათ, რომ მოხდეს ახლა, მათ საკუთარი თავის გარეშე არაფერი არ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.