ზურაბ კაპანაძე – საამაყო ქართველი მხატვარი, ვის მემკვიდრეობასაც ჟამთასვლა მეტ ღირებულებას სძენს

როგორც წესი, ადამიანებზე მრგვალ თარიღებთან დაკავშირებით წერენ ხოლმე, მაგრამ არიან ბედის იმგვარი რჩეულები, რომელთა არსებობაც არ ეპუება დამკვიდრებულ წესს და ყოველდღე, როცა კი მათი გონიდან და ხელიდან დაბადებულ ხელოვნებას უყურებ, სრულიად ბანალური ხდება ეს სიმბოლური თარიღები. ყოველი დღე მათ დღეგრძელობას ადასტურებს და მათი არსებობის ზეიმს ნიშნავს. სწორედ ასეთი სახელია მხატვარი ზურაბ კაპანაძე (1924-1989), ვისაც დღეს 98 წელი შეუსრულდა.
მან უმდიდრესი მხატვრული მემკვიდრეობა დატოვა, რომლის ნაწილი იცის საზოგადოებამ, უფრო დიდი ნაწილი კი თვალს არის მოფარებული და ელის შესაფერ დროს, როდესაც უფრო საჩინო და ფასეული გახდება ქვეყნისათვის.
ზურაბ კაპანაძემ, ძირითადად, წიგნის გაფორმებას და ილუსტრაციის, ასევე გამოყენებითი დეკორაციის სფეროს მიუძღვნა  შეგნებული ცხოვრება და ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერ ავტორად უნდა ჩაითვალოს. მან ასეულობით წიგნი და გამოცემა გააფორმა, რომელთა მხატვრული ღირებულება თავის დროზეც კარგად ესმოდათ, მაგრამ დროის გადასახედიდან მათი ჭვრეტა და განსჯა კიდევ უფრო ურყევს, გამძლეს და ძვირფასს ხდის.
იშვიათია ქართული გონისა და მსოფლგაგების მსგავსად ცხადი გამოვლენა, რასაც ამ მხატვრის ხაზით და მონასმით ვხედავთ და განვიცდით. ქართული ჩუქურთმის დარი სინატიფე და მშობლიურობა ახასიათებს ზურაბ კაპანაძის მთელ არტისტულ მემკვიდრეობას.
მუდამ გალაკტიონი მახსენდება, როცა ვუყურებ ზურაბ კაპანაძის ოსტატობას, როგორი ძლევამოსილი და ცოცხალია მისი სულჩადგმული ნებისმიერი ხაზი თუ სიუჟეტი?
„მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
…მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით”.
მართალია, ეს ქება ნიკორწმინდის ამგებელ- შემმკობთ ეძღვნებათ, მაგრამ ყველა ნიჭიერ ქართველ შემოქმედსაც ეკუთვნის, ვინც ასეთ თავისუფლებას და სიმკვეთრეს ავლენს თავისი ნიჭის უნიკალურობით.
ბათუმში და გუდაურის გზაზე შეხვდებით ზურაბ კაპანაძის ესკიზით შესრულებულ ქმნილებებს, მათ ყოველდღე ათასობით მხილველი უყურებს და ეს ნამდვილად არის მხატვრის უკვდავების დასტური, თუმცა ზურაბ კაპანაძეს დარჩა უზარმაზარი არქივი, სადაც დაცულია მისი უკიდეგანო ტალანტის ასეულობით ნიმუში. ეს არის ბევრწილად ხელმიუწვდომი და აუთვისებელი მხატვრული მადანი, რომლის გონივრულად გამოყენება მთელ ქვეყანას გაუწევს კეთილ სამსახურს, მის არტისტულ გარემოს და ატმოსფეროს ეროვნული მხატვრული გონის სიმდიდრისა და სინატიფის სიუხვით გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს.
საქართველოს ქალაქებში, გზებსა თუ გზაჯვარედინებზე, ჩვენს არაჩვეულებრივ ლანდშაფტებში ძალიან ცოტაა ეროვნულ მოტივებზე შექმნილი მხატვრული აბრევიატურა ან დეკორი, ვთქვათ, ავტობუსის გაჩერებებზე, ტრანსპორტის სადგურებსა თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებზე? არადა, გასული საუკუნის 80-იან წლებში სწორედ ზურაბ კაპანაძის ესკიზების მიხედვით შეიქმნა მრავალი პანო და მოზაიკა, რომლებიც ასე ამშვენებდა საქართველოს გზებსა და ლანდშაფტებს. მათი უმეტესობა აგრესიული დროების მსახვრალმა ხელმა მოინელა (მხოლოდ რამდენიმე მათგანი შემორჩა სასწაულად). საბედნიეროდ, გადარჩა და არსებობს მხატვრის ესკიზები, თითოეული ეს მოტივი  ქართული სულის ნამდვილი დღესასწაულია.
მათი გაცოცხლება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ყოველდღიურობას მოეძალა საოცარი უნიჭობა და ბალასტი. არსებობდეს ზურაბ კაპანაძის შედევრები და შენ, ხშირ შემთხვევაში, ახალ და ყოვლად უსუსურ მხატვრულ პროდუქტს აუნთო მწვანე შუქი, ეს იქნება სიბეცე და საკუთარი საგანძურის ხელოვნურად უარყოფა.
მხატვრულ დიზაინში, ნებისმიერი პროდუქტის სახვით გაფორმებასა და რეპრეზენტაციაში ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ წარადგენ შენს ქვეყანას, ეს ძალიან მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს შესაბამისი სამსახურების მიერ.
ზურაბ კაპანაძე არის უნიკალური ჩუქურთმების, სახვითი სამკაულების დიდოსტატი. ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეული სამყაროს მსგავსად, ნატიფი და „ამოდქმნილი“ გამოსახულებები იშვიათად შექმნილა ქართულ სახვით ხელოვნებაში და მათ უნდა ჰპოვონ ხელახალი აღმოჩენა და გაგრძელება ამჯერად უკვე ყოველდღიურ ყოფაში, ისევ საქართველოს მდიდარი კულტურის და ღრმა სულიერების გასაცხადებლად.
ზურაბ კაპანაძის მთელი შემოქმედებიდან იგრძნობა, როგორ უყვარდა მას თავისი სამშობლო, მისი ნებისმიერი მხატვრული ნიმუში საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ქორეოგრაფიისა და პოლიფონიის საწყისებს ეფუძნება, მათი სიღრმეებიდან იღებს სათავეს.
გზად გუდაურისკენ როცა გავივლი და მთის ფრიალოზე ზურაბ კაპანაძის ესკიზით გაფორმებულ ულამაზეს მონუმენტს შევცქერი, მუდამ გოდერძი ჩოხელის ლექსი მახსენდება:
„ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები, საჯიხვეზე ამომიტანეთ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო”.
…ჩემთვის ეს მონუმენტი ზურაბ კაპანაძის სიმბოლურ საფლავს განასახიერებს, რადგან მისთვისაც საქართველო იყო მთავარი დარდი, სიამაყე და იმედის გოდოლი!

 

 

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები