შალვა პაპუაშვილი: ოლივერ ვარჰეის მთავარი გზავნილია ის, რომ დღეს არ არის კინკლაობის დრო, მნიშვნელოვანია – ყველა კონცენტრირდეს საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს
“რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს. ფაქტობრივად, ის პროცესის შუაგულში ჩამოვიდა საქართველოში – ჩვენ მასაც ვუთხარით, მასთან შეხვედრის შემდეგ ყველა ვბრუნდებით პარლამენტში და განვიხილავთ კანონპროექტებს, რომლებიც სწორედ რეკომენდაციების 12 პუნქტს ეხება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოლივერ ვარჰეი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის გულშემატკივარია.
“მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის და კინკლაობის დრო, დღეს მნიშვნელოვანი ის, რომ კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულების საკითხზე მუშაობა. ის არის ჩვენი წინსვლის გულშემატკივარი ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ, ჩვენი მხრივ, მას მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ წინსვლისკენ დახმარება მისგან უფრო ინტენსიური იყოს. მოვახსენეთ სად ვართ კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ სწრაფად ვიმუშაოთ. ეს ვუთხარი კიდეც – ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მხარეს გადმოსროლილი ბურთი ევროკავშირს მალე გადავაწოდოთ უკან, იმისთვის, რომ შემდგომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.