„ნაცნობი/უცნობი გიგო გაბაშვილი – ცხოვრება და შემოქმედება“ – გამოფენის ფარგლებში ლექცია გაიმართება

18 ნოემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენის „გიგო გაბაშვილი – წარმოსახვა და რეალობა” ფარგლებში გაიმართება კურატორის და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, მზია ჩიხრაძის ლექცია თემაზე: „ნაცნობი/უცნობი გიგო გაბაშვილი – ცხოვრება და შემოქმედება“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციაზე განხილული იქნება გაბაშვილის ნაკლებად ცნობილი სიმბოლისტური ხელოვნება და ასევე, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები.
მზია ჩიხრაძე არის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტსა და კონფერენციაში. 2006-2007 წლებში იყო ამერიკის შეერთებული შტატების იელის უნივერსიტეტის ვიზიტორი მეცნიერი, ხოლო 2008 წელს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ვიზიტორი მეცნიერი თანამშრომელი ნიუ-იორკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის ლექტორთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში.
2009-2010 წლებში იყო აშშ-ს ფულბრაიტის სამეცნიერო კვლევითი პროგრამის მონაწილე. 2011-2013 წლებში ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს „მოდერნიზმი ევროპის პერიფერიაზე – ქართული მოდერნიზმი კულტურათა გზაჯვარედინზე”. ამჟამად ის ევროპული სკოლის IB სადიპლომო პროგრამის ვიზუალური ხელოვნების პედაგოგია და პარალელურად 2015 წლიდან როგორც მიწვეული პროფესორი მოღვაწეობს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები