ოსური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება

17-18-19 ნოემბერს, 12:00-იდან 15:00 საათამდე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ოსური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, სტუდენტები და მოცეკვავეები კვალიფიციურ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. მოეწყობა უნიკალური ვიდეოჩანაწერების ჩვენება, გაიმართება დისკუსია. სამდღიან მასტერკლასში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მასტერკლასების ხელმძღვანელია ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი. მასტერკლასს ჩაატარებს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ნართების” კონსულტანტი ომარ ხუბაევი და ვლადიკავკაზის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ალანის” სოლისტები – მაია ძაგოევა, ასლანბეგ გოგიჩაევი და ათამაზ ხაბალოვი.
მასტერკლასი განკუთვნილია ქორეოგრაფებისთვის, ქორეოლოგებისთვის, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი მოცეკვავეებისთვის.
მონაწილეთა რეგისტრაცია 11:00 საათიდან დაიწყება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები