რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „სპორტის შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე იმსჯელა

სპორტის სფეროში მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად „სპორტის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელება.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა წარუდგინა განსახილველად.

„კანონში ცვლილების განხორციელებით სპორტის სფეროში ჩამოყალიბდება კარგ მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა, განისაზღვრება ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციები და პასუხისმგებლობა, ასევე იქმნება სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები”,- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კანონპროექტი განსაზღვრავს შესაბამის ტერმინოლოგიას, აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებსა და ძირითად პრინციპებს. ასევე, განსაზღვრავს სპორტში კარგი მმართველობის განვითარების პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციასა და ფუნქციას, სპორტული ორგანიზაციების პასუხისმგებლობას პოლიტიკის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.

„კარგი მმართველობის პრინციპები არის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მიდგომების, წესებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას, დემოკრატიულ მმართველობას, შიდა ანგარიშგების სისტემის განვითარებას, ორგანიზაციის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებას”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
მისივე თქმით, 2023-2025 წლის განმავლობაში, კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა უზრუნველყოფს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების შესაძლებლობების იმ დონეზე განვითარებას, რომ 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ისინი შეძლებენ განსაზღვრული პრინციპების წარმატებით დანერგვასა და გამოყენებას.
„კანონპროექტის ამოქმედება და შემდგომ მისი ეფექტიანი აღსრულება დადებით გავლენას მოახდენს სპორტზე გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობისა და შედეგიანობის ზრდაზე, აგრეთვე განამტკიცებს სპორტული ორგანიზაციების ავტონომიურობას და გაზრდის მათ შესაძლებლობას მყისიერი რეაგირება მოახდინონ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე”, – აღნიშნა მომხსენებელმა. განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები