ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს მხარი დაუჭირა.
ანგარიშს 47 მომხრე და 5 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ხოლო 2-მა დეპუტატმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.
კენჭისყრაზე კომპრომისული ტექსტი გავიდა. დოკუმენტი რეზოლუციის სახეს 12 დეკემბერს, დებატების შემდეგ მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის კომპრომისულ ვარიანტში მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა აღარ გვხვდება. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად დასახელებული აღარ არის.
ანგარიში მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, მიღებულ პერსპექტივას და პროცესს, რომელმაც ქვეყანა კანდიდატობამდე უნდა მიიყვანოს.