„პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული“ – ირაკლი ზარქუა IRI-ს კვლევაზე

პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, IRI-ს კვლევით სამუშაოებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები ატარებენ და შესაბამისად ხდება გაყალბება.

„NDI-ს და IRI-ს ვერავინ დასწამებს ჩვენს გულშემატკივრობას, პირიქით, მგონია, რომ ეს არ ასახავს რეალურ სურათს, თუმცა აქაც კი ვერ დამალეს მოსახლეობის განწყობები, სადაც პირველ ადგილზე ისევ „ქართული ოცნებაა“ და ნახევარზე უფრო ნაკლები აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის რეალური სურათი. დანარჩენი, წარმოიდგინეთ იმდენად აბსურდის თეატრში შევიდნენ, რომ ჩვენ ხომ იცით ერთკაციანი პარტიები, რომ გვყავს პარლამენტში, მაგათ ლიდერებს აქვთ 35% და პარტიას აქვს 1-2%. აი ამ სამუშაოებს აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფები, ვინც ამ კვლევებს აკეთებენ და შესაბამისად, ხდება გაყალბება, ჩემი აზრით, და ამას გვაჩვენებს ბოლო 8 წლის არჩევნები.

პერსონალური მონაცემები ყველაზე მეტად არის გაყალბებული, რადგან პატრიარქს გაცილებით მეტი აქვს ვიდრე 88%, ისევე, როგორც კახი კალაძეს და იქ, სადაც უსუფაშვილს აქვს 38%, ქალბატონ ლომჯარიას აქვს 38% და ბიძინა ივანიშვილს მათზე გაცილებით ნაკლები, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები