გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქტომბერში უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 315 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 113 კი, უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევებიდან 24 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 102 ფაქტი, გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
აჭარაში დაფიქსირდა 50 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 35, იმერეთში – 34, შიდა ქართლში – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 16, ქვემო ქართლში – 15, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 7, გურიაში კი 3 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 103 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.